ავიაკომპანიები თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს წყვეტენ
07/10/2023 16:58:15 მსოფლიო
ისრაელის წინააღმდეგ ჰამასის ტერორისტული თავდასხმის გამო, რიგმა ავიაკომპანიებმა შაბათს თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს. ფართომასშტაბიანი თავდასხმის გამო ავიაკომპანია Lufthansa ავიარეისების რაოდენობას ამცირებს.
"ერთი რეისი თელ–ავივიდან ფრანკფურტის მიმართულებით ამ შაბათს შესრულდება: Lufthansa-ს ყველა სხვა რეისი თელ-ავივის მიმართულებით და უკან ამ შაბათისთვის გაუქმებულია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ფრანკფურტის აეროპორტის მთავარ გვერდზე შაბათს დაგეგმილი Lufthansa-ს ორი რეისი თელ-ავივის მიმართულებით გაუქმებულად მოინიშნა.
შვეიცარიულმა ავიაკომპანია Swiss-მა, რომელიც Lufthansa-ს შვილობილი კომპანიაა, ისრაელის მიმართულებით ფრენები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
FlightAware-ს ცნობით, Delta Air Lines-მა და American Airlines-მა გააუქმეს შაბათს და კვირას ისრაელის მიმართულებით დაგეგმილი ფრენები.
AeroTelegraph-ის ცნობით, რამდენიმე თვითმფრინავმა კურსი შეცვალა. Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც რომიდან მიფრინავდა, თელავივის ნაცვლად იტალიის დედაქალაქში დაბრუნდა. ავიაკომპანიის კიდევ ერთი თვითმფრინავი თელ-ავივის ნაცვლად ლარნაკაში დაეშვა.
როგორც AeroTelegraph იუწყება, თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი კვიპროსის მახლობლად შემობრუნდა.
გარდა ამისა, პოლონურმა გადამზიდავმა LOT-მა ასევე გააუქმა შაბათის ფრენები თელ-ავივის მიმართულებით.
FlightAware–ს მონაცემებით, საერთო ჯამში, თელ-ავივის მიმართულებით ფრენების 14% მთელი მსოფლიოდან გაუქმდა.


