ისრაელი ღაზაში დარტყმებზე იუწყება, პალესტინა კი თელ-ავივს სარაკეტო იერიშით ემუქრება
07/10/2023 16:51:00 მსოფლიო
ისრაელი ღაზაში დარტყმებზე იუწყება. კერძოდ, ქვეყნის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმები განახორციელეს ღაზას სექტორში მდებარე ორ მაღალსართულიან შენობაზე, რომლებსაც ჰამასის ტერორისტები სამხედრო შეიარაღების შესანახად იყენებდნენ.
"ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია განზრახ ათავსებს თავის სამხედრო აქტივებს ღაზას სექტორში მშვიდობიანი დასახლებების ცენტრში", - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისი ცნობით, დარტყმის დაწყებამდე ისრაელის სამხედროებმა შენობის მცხოვრებლები წინასწარ გააფრთხილეს და ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
როგორც ებრაული მედია იტყობინება, პალესტინა ღაზას სექტორში დარტყმების გამო თელ-ავივს სარაკეტო იერიშით ემუქრება.
ცნობისთვის: ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. "ჰამასი", რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ვრცელდება ინფორმაცია 70 დაღუპულის და 900-ზე მეტი დაშავებულების შესახებ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელზე "ჰამასის" მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანა ომშია, თავდაცვის მინისტრმა კი საომარი მდგომარეობის გამოსაცხადებლად მზადყოფნა გამოაცხადა.
მოგვიანებით, ისრაელმა პალესტინაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა. როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, "დაღუპულია, სულ მცირე, 198 პალესტინელი და დაშავებულია 1 610 პირი". სამინისტროს არ დაუკონკრეტებია რომელ ლოკაციებზე განხორციელდა დარტყმები და მოიცავს თუ არა დაღუპულები სამოქალაქო პირებს.


