ბაიდენი – ნეთანიაჰუს: აშშ დგას ისრაელის გვერდით
07/10/2023 15:01:33 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონოს აუბარი გაიმართა.
"აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაურეკა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ხაზი გაუსვა, რომ აშშ დგას ისრაელის გვერდით და სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი“,– ნათქვამია ისრაელის პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისივე ცნობით, თავის მხრივ, „ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტს უპირობო მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საჭირო იქნება ხანგრძლივი და ძლიერი კამპანია, რომელშიც ისრაელი გაიმარჯვებს“.
ცნობისთვის: ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. ჰამასი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ვრცელდება ინფორმაცია 40 დაღუპულის და 900-ზე მეტი დაშავებულების შესახებ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელზე ჰამასის მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანა ომშია, თავდაცვის მინისტრმა კი საომარი მდგომარეობის გამოსაცხადებლად მზადყოფნა გამოაცხადა.
მოგვიანებით, ისრაელმა პალესტინაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა. როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, "დაღუპულია, სულ მცირე, 198 პალესტინელი და დაშავებულია 1 610 პირი". სამინისტროს არ დაუკონკრეტებია რომელ ლოკაციებზე განხორციელდა დარტყმები და მოიცავს თუ არა დაღუპულები სამოქალაქო პირებს.


