რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ისრაელსა და პალესტინას თავშეკავებისკენ მოუწოდებს
07/10/2023 14:33:20 მსოფლიო
თურქეთი ისრაელსა და პალესტინას თავშეკავებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, იმოქმედონ თავშეკავებით ისრაელში დღეს დილით განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით და თავი შეიკავონ იმპულსური ნაბიჯებისგან, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს“, – განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, „რეგიონში სისხლისღვრის შეჩერება თურქეთის პრიორიტეტია".
"ამის მიღწევის გზა სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის დაცვაა“, – დასძინა ერდოღანმა.
ცნობისთვის: ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. ჰამასი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ვრცელდება ინფორმაცია 40 დაღუპულის და 800-ზე მეტი დაშავებულების შესახებ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელზე ჰამასის მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანა ომშია, თავდაცვის მინისტრმა კი საომარი მდგომარეობის გამოსაცხადებლად მზადყოფნა გამოაცხადა.
მოგვიანებით, ისრაელმა პალესტინაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა. როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, "დაღუპულია, სულ მცირე, 198 პალესტინელი და დაშავებულია 1 610 პირი". სამინისტროს არ დაუკონკრეტებია რომელ ლოკაციებზე განხორციელდა დარტყმები და მოიცავს თუ არა დაღუპულები სამოქალაქო პირებს.


