კულება: უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება ახალ სამხედრო დანაშაულებს გამოიწვევს
06/10/2023 18:16:12 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ კომენტარი გააკეთა ხარკოვის ოლქზე რუსული ძალების მიერ 5–6 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმებზე. საუბარია სოფელ გროზაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დილით ხარკოვზე მიტანილ იერიშზე, რის გამოც ერთი ოჯახიდან ბავშვი და ქალი დაიღუპა.
„ორივე სისასტიკე ადასტურებს, რომ უკრაინისადმი გლობალური მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და გაიზარდოს. მისი შესუსტება მხოლოდ ამგვარ სამხედრო დანაშაულებს გამოიწვევს“, - თქვა მან.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 5 ოქტომბერს, დაახლოებით 13:25 საათზე, რუსმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზას. დარტყმა სოფლის კაფე-მაღაზიაზე განხორციელდა, სადაც ხალხი სამხედროს დაკრძალვის ცერემონიალს ესწრებოდა.
ხარკოვის საოლქო პროკურატურამ განაცხადა, რომ გროზაში დარჩენილი მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაიღუპა. სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ რაკეტა, სავარაუდოდ, "ისკანდერი", შეგნებულად იყო დამიზნებული ობიექტზე. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 51 ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი დაშავდა.
6 ოქტომბერს, დილით, რუსმა სამხედროებმა ხარკოვზე ორი დარტყმა განახორციელეს. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა – 10 წლის ბიჭი და მისი ბებია.


