Accentnews.ge
სანდუ: მოლდოვაში გადატრიალებას "ვაგნერელები" ამზადებდნენ

სანდუ: მოლდოვაში გადატრიალებას "ვაგნერელები" ამზადებდნენ

06/10/2023 18:02:54 მსოფლიო

მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების დამხობის მცდელობის უკან, რაზეც წლის დასაწყისიდან იყო საუბარი, რუსული "ვაგნერი" იდგა ევგენი პრიგოჟინის მეთაურობით. ამის შესახებ სანდუმ Financial Times-თან ისაუბრა.

სანდუს თქმით, პრიგოჟინი მონაწილეობდა გადატრიალების დაგეგმვაში.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს იყო პრიგოჟინის გუნდის მიერ მომზადებული გეგმა“, - თქვა სანდუმ და დასძინა, რომ შეთქმულების განზრახვა იყო, მოეწყოთ იმგვარად, რომ მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები შეტაკებებში გადაზრდილიყო.

მაია სანდუ თვლის, რომ მოლდოვაში პრორუსული ძალები გააგრძელებენ მოსკოვისგან დაფინანსების მიღებას ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით. ისინი ფულს "გადამზიდავების" მეშვეობით მიიღებენ.

მისი თქმით, მოლდოვას სადაზვერვო სამსახურებმა გამოიძიეს სულ მცირე, 20 მილიონ ევროს "მოძრაობა", რომელიც რუსეთმა ქვეყანაში შეიტანა პოლიტიკური მიზნებისათვის, მაგრამ რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მაღალია. "სიტუაცია მართლაც დრამატულია და ჩვენ უნდა დავიცვათ თავი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

რუსეთის მხრიდან ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.

ინტერვიუ გამოქვეყნდა იმ დროს, როდესაც ევროკავშირის ლიდერები გრანადაში განიხილავენ მოლდოვას რესპუბლიკისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების ევროპულ ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივებს. მაია სანდუმ ესპანურ ქალაქში განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საუკეთესო საშუალებაა მოლდოვას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

5 ნოემბერს მოლდოვაში თვიმმართველობის არჩევნები გაიმართება. როგორც Financial Times წერს, სანდუს მმართველი პარტია "რთულ მდგომარეობაშია ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ კიშინიოვში". სანდუს თქმით, მას აქვს მტკიცებულება, რომ მოსკოვი ცდილობს, მიაღწიოს პრორუსული ძალების წარმატებას რეგიონალურ არჩევნებში, რათა შემდეგ გააძლიეროს ისინი მომავალი წლის საპრეზიდენტო და 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, – წერს BBC.

კიშინიოვში პროდასავლური მთავრობის დამხობის რუსული გეგმის შესახებ ინფორმაცია პირველად უკრაინის პრეზიდენტმა გაასაჯაროვა, რომელმაც თქვა, რომ გეგმა მისი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა იგდეს ხელს და მიაწოდეს მეზობელ სახელმწიფოს. მაშინ გეგმის არსებობა მაია სანდუმაც დაადასტურა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანდუს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. რუსულმა უწყებამ დაადანაშაულა უკრაინა დაძაბულობის ესკალაციაში და კიშინიოვი „რუსეთთან მკაცრ კონფრონტაციაში“.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ვაგნერი" მონაწილეობდა მოლდოვაში არეულობის მომზადებაში, ადრე უკვე გამოჩნდა მედიაში აშშ-ის თავდაცვის საიდუმლო დოკუმენტზე მითითებით. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი აგრძელებდა მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობას, მიუხედავად იმისა, რომ მისი განზრახვები ამ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოავლინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S