Accentnews.ge
BBC: რუსეთი ჯარში სერბებს იღებს, ამაში, მათ შორის, მილოშევიჩის ვაჟი მონაწილეობს

BBC: რუსეთი ჯარში სერბებს იღებს, ამაში, მათ შორის, მილოშევიჩის ვაჟი მონაწილეობს

06/10/2023 11:33:30 მსოფლიო

რუსეთი სერბი დაქირავებულების გადაბირების კამპანიას ახორციელებს. როგორც BBC-ის რუსულმა სამსახურმა გაარკვია, მათ მოსკოვის რეგიონში აფორმებენ და 106-ე საჰაერო სადესანტო დივიზიონში რიცხავენ. რეკრუტირებას ახორციელებენ, კერძოდ, სერბი მეთაური დავორ სავიჩიჩი, რომელიც 2014 წლიდან იბრძვის აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეს, "ღამის მგლების" ლიდერი ალექსანდრე „ქირურგი“ ზალდოსტანოვი, რომელსაც აქვს კავშირი ულტრამემარჯვენე სერბულ წრეებთან და იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის მარკო მილოშევიჩის ვაჟი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ სერბებს დროებით კრასნოგორსკში, სათხილამურო სტადიონის მახლობლად, ჰოსტელში ათავსებენ, საბუთებს სპეციალური ნოტარიუსი ამუშავებს, კოროლევში კი ხელშეკრულებები ფორმდება.

მოსკოვის ოლქი იმიტომ აირჩიეს, რომ რეგიონი ვერ უმკლავდებოდა მობილიზაციის მისთვის დადგენილ მაჩვენებლებს, – აღნიშნავს გამოცემა. ჟურნალისტებმა სერბი მოხალისეების სია მოიპოვეს.

BBC-ის რუსული სამსახური ასევე გაეცნო ერთ-ერთი შეხვედრის ჩანაწერს, რომელზეც დავორ სავიჩიჩმა გამოაცხადა 2023 წლის შემოდგომისთვის 106-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის შემადგენლობაში სრულფასოვანი სერბული ბრიგადის შექმნის გეგმები და სერბეთის ათასამდე მოქალაქის დაქირავება. თუმცა, ჯერჯერობით, ჟურნალისტების ინფორმაციით, განაცხადი ასამდე ადამიანმა შეიტანა, რის შემდეგაც პროცესი გაიყინა.

ჟურნალისტები მოპოვებული სიის ერთ-ერთ ფიგურანტს დაუკავშირდნენ, რომელმაც მათ უთხრა, რომ სამშენებლო ინჟინრად მუშაობს. სერბის დედამ დაადასტურა, რომ ის სამშენებლო ობიექტზე მუშაობს და „იშვიათად ურეკავს, რადგან პრობლემები აქვს რუსეთში მობილურ კავშირთან“. მაგრამ სოციალურ ქსელებში ფოტოებზე ის იარაღთან ერთად პოზირებს სერბეთის არმიის ფორმაში. „მე დავიბადე ბრძოლისთვის და ვიბრძოლებ“, – წერს ის.

სერბეთის კანონი კრძალავს ქვეყნის მოქალაქეებს საზღვარგარეთ კონფლიქტებში მონაწილეობას. ის ფაქტი, რომ სერბეთიდან დაქირავებულები უკრაინის ომში მონაწილეობენ, აგვისტოს ბოლოს სერბმა სნაიპერმა დეიან ბერიჩმა და "საერთაშორისო ბატალიონის" მეთაურმა დავორ სავიჩიჩმა გადაცემა "Soloviev Live"-ზე დაადასტურეს. ეს უკანასკნელი ამტკიცებდა, რომ ომის დასაწყისში მისი ბატალიონი იმყოფებოდა კიევის მახლობლად, გოსტომელის აეროდრომის მიდამოში, რის შემდეგაც ისინი გადაიყვანეს ხარკოვის რეგიონში, მოგვიანებით კი დონეცკის ოლქის კრამატორსკის რაიონის სოფელ ბოგოროდიჩნოეში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S