
"ინტერფაქს–ტურიზმ": საქართველო საახალწლოდ რუსებს შორის პოპულარული მიმართულებაა
06/10/2023 09:40:00 ეკონომიკა, საზოგადოება
საქართველო ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ უცხოურ მიმართულებად რჩება დეკემბრის ბოლომდე რუსებს შორის,– იუწყება "ინტერფაქს–ტურიზმ" ტუროპერატორ FUN&SUN-ზე დაყრდნობით.
„ვხედავთ მოთხოვნის შესამჩნევ ზრდას პაკეტურ ტურებზე. მეტიც, ზაფხულში მოთხოვნადი იყო როგორც ბათუმის სასტუმროებში დასვენება, ისე ექსკურსიული ტურები თბილისში. ახლა მოთხოვნა გადავიდა საექსკურსიო პროგრამებზე. უკვე აქტიურად იჯავშნება საახალწლო ტურები“, - განაცხადა ოლგა ივანოვამ, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.
მისივე თქმით, დაჯავშნილი ტურების საშუალო ხანგრძლივობა 4-6 დღეა, მაქსიმალური კი ორ კვირას აღწევს.
„საახალწლო ტურები იწყება 29 დეკემბერს. ყველაზე პოპულარულია განთავსება სასტუმროებში: Piazza Tbilisi 3*, Etnograph 4*, Golden Tulip 4*, Pulman 4*".
მისი ქმით, ავიაბილეთების დეფიციტი ჯერ არ შეიმჩნევა, თუმცა შესაძლოა, გახდეს საახალწლო დღესასწაულის მოახლოების პერიოდში.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაადასტურა, რომ თბილისისა და ბათუმის მიმართულებებით რუსული ავიახაზების ახალი რეისები შესრულდება. 14 ოქტომბრიდან "აზიმუტი" ფრენებს იწყებს მინვოდი-თბილისი-მინვოდის, 11 ოქტომბრიდან სოჭი-თბილისი-სოჭის, ხოლო 9 ოქტომბრიდან მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებებით. გარდა ამისა, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე (29 ოქტომბრიდან) ავიაკომპანია Red Wings-ი ფრენებს ჟუკოვსკიდან (მოსკოვის რეგიონი) თბილისის მიმართულებით განახორციელებს. "აზიმუტი" უკვე დაფრინავს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მარშრუტზე, Red Wings კი - მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვისა და სოჭი-თბილისი-სოჭის მარშრუტებზე. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებს Georgian Airways ახორციელებს.