ევროკავშირის უმაღლესი მწვერვალი ორი მეტრით დადაბლდა
06/10/2023 08:53:27 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესი მწვერვალი – მონბლანი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, ბოლო ორი წლის განმავლობაში 2 მეტრით და 22 სმ-ით დადაბლდა. ამის შესახებ მკვლევართა ჯგუფმა 5 ოქტომბერს განაცხადა.
სექტემბერში ჩატარებული გაზომვები აჩვენებს, რომ მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 4805 მეტრი და 59 სანტიმეტრია. წინა გაზომვები ჩატარდა 2021 წელს.
თოვლის საფარის სისქის შემცირება, რომელიც ფარავს ალპების უმაღლესი მწვერვალის კლდოვან ნაწილს, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ზაფხულში ნალექის რაოდენობის შემცირებასთან, – აღნიშნა გეოდეზისტმა ჟან დე გარმა. თუმცა, მეცნიერებს მოუწევთ შეგროვებული მონაცემების შესწავლა და ყველა თეორიის განხილვა, რომელიც ახსნის გაზომვის ახალი შედეგის მიზეზებს,– აღნიშნა ექსპერტმა.
მთის კლდოვანი ნაწილი ზღვის დონიდან 4792 მეტრზე მდებარეობს. თოვლისა და ყინულის "ქუდი" წლიდან წლამდე იცვლის სისქეს. 2001 წლიდან მკვლევარები მსგავს გაზომვებს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ახორციელებდნენ და წელს მათ პირველად გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატი. ამ გზით მეცნიერები ელიან ალპებიდან კლიმატის ცვლილების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღებას, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო წლებში გლობალური დამბობის ფონზე.


