პენტაგონი: ამერიკელმა გამანადგურებელმა სირიაში თურქული დრონი ჩამოაგდო
06/10/2023 08:41:15 მსოფლიო
ამერიკულმა გამანადგურებელმა თურქული თავდასხმის დრონი ჩამოაგდო, რომელიც აშშ-ის კონტიგენტის პოზიციებთან ახლოს დაფრინავდა სირიაში, განუცხადა პენტაგონის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა Reuters-ს 6 ოქტომბერს.
შემთხვევა 5 ოქტომბერს მოხდა.
თურქული უპილოტო საფრენი აპარატები სირიაში, ჰასაკაში აშშ-ს ჯარების მდებარეობიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით ახორციელებდნენ საჰაერო დარტყმებს. რამდენიმე საათის შემდეგ ერთ–ერთი თურქული დრონი ამერიკულ პოზიციებს ნახევარ კილომეტრ მანძილზე მიუახლოვდა. სწორედ ამიტომ შეფასდა ის საფრთხედ და ჩამოაგდო F-16–ის გამანადგურებელმა.
„ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ თურქეთი განზრახ დაესხა თავს აშშ-ის ძალებს“, - თქვა რაიდერმა.
მან ფაქტს სამწუხარო უწოდა.
მანამდე პენტაგონში AP-ის წყარო აცხადებდა, რომ დრონის განადგურების ბრძანებამდე აშშ-ის სამხედროები არაერთხელ დაუკავშირდნენ თურქ კოლეგებს ტელეფონით.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩამოგდებული უპილოტო თვითმფრინავი არ ეკუთვნის თურქეთის შეიარაღებულ ძალებს და არ დაუკონკრეტებია, ვის მფლობელობაში შეიძლება ყოფილიყო.
თურქეთი ანკარაში მომხდარი აფეთქების შემდეგ შაბათ-კვირიდან უტევს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ობიექტებს სირიასა და ერაყში.


