ჩეჩენ აქტივისტს, რომელიც კადიროვს აკრიტიკებდა, რუსეთში ადეპორტებენ
06/10/2023 08:17:28 მსოფლიო
ბიშკეკის პერვომაისკის რაიონულმა სასამართლომ ჩეჩენ აქტივისტს მანსურ მოვლაევს ექვსთვიანი პატიმრობა და დეპორტაცია განუსაზღვრა ყირგიზეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის.
ამჟამად ატივისტი პატიმრობაში რჩება. პატიმრობის ვადის ამოწურის შემდეგ მას ქვეყნიდან გააძევებენ.
მანსურ მოვლაევის ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე დაჟინებით მოითხოვდა მისთვის რეალური სასჯელის დაკისრებას, რადგან შიშობენ, რომ ახალგაზრდა კაცი ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერისგან წამებას დაექვემდებარება დეპორტაციის შემდეგ.
„ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად ვითხოვ, რომ მომისაჯონ ორწლიანი პატიმრობა. მზად ვარ მივიღო მაქსიმალური სასჯელი, რასაც ეს მუხლი ითვალისწინებს. სიცოცხლის გადასარჩენად მზად ვარ, მინიმუმ ათი წლით წავიდე აქ ციხეში“, - განაცხადა მანსურ მოვლაევმა სასამართლოში დასკვნითი სიტყვით წარდგომისას.
მანსურ მოვლაევის დაკავების შესახებ აგვისტოს ბოლოს გახდა ცნობილი. ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, ის დააკავეს კონტრტერორისტული საქმიანობის ფარგლებში. სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ ის არის „რადიკალური იდეოლოგიის მიმდევარი, რომელიც, ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სირიაში მოქმედი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების ემისრების ბრძანებით იყო მძინარე უჯრედის ნაწილი".
28 წლის მოვლაევი ხშირად საუბრობდა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ. 2020 წელს მას 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით. უფლებადამცველებმა ამ საქმეს "შეთითხნილი" უწოდეს, რომელიც დაკავშირებულია მოვალევის მიერ ჩეჩნეთის ხელისუფლების კრიტიკასთან.
ის 2022 წელს პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, მაგრამ კვლავ დააკავეს. ჩეჩენმა აქტივისტებმა - ძმებმა იბრაგიმ და ბაისანგურ იანგულბაევებმა განაცხადეს, რომ მოვლაევი ჩეჩნეთის უშიშროების ძალებმა გაიტაცეს და მის წინააღმდეგ საქმის გაყალბების მიზნით, პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. მოვალაევმა მოახერხა იქიდან გაქცევა. 2022 წლიდან ის ყირგიზეთშია, საიდანაც ევროპაში გადასვლას აპირებდა თავშესაფრის მისაღებად.


