გერმანია უკრაინას Patriot-ს, ესპანეთი კი Hawk-ებს გადასცემს
05/10/2023 19:17:18 მსოფლიო
ესპანეთი უკრაინას ექვს საზენიტო-სარაკეტო სისტემა Hawk-ს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის მთავრობა ავრცელებს.
"ესპანეთი უზრუნველყოფს Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებით კიევს, რათა იგი გაუმკლავდეს რუსეთის შესაძლო დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ასევე დაიცვას ახალი მარცვლეულის დერეფანი", – ნათქვამია ესპანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდმირ ზელენსკი ტელეგრამ–არხზე წერს, რომ "ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად განიხილეს თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც შეიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, საარტილერიო და დრონის საწინააღმდეგო სისტემებს, ასევე ენერგეტიკული აღჭურვილობის უზრუნველყოფას და მარცვლეულის დერეფნის დაცვას".
ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსაც შეხვდა. მისი თქმით, გერმანია უკრაინას Patriot-ს ტიპის კიდევ ერთ საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს. შოლცის თქმით, "ახლა აუცილებელია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება".


