ზელენსკი: ყველა სახელმწიფო, რომელმაც რუსეთის ჩარევა ან შეჭრა განიცადა, განსაკუთრებულ ერთიანობაში უნდა დავრჩეთ
05/10/2023 15:33:44 პოლიტიკა
ომების დაწყებითა და ომების გაყინვით რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა მეზობელ ქვეყნებზე კონტროლის შენარჩუნებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ყველა ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი მოქმედებს და ყველა სახელმწიფო, რომელმაც რუსეთის ჩარევა ან შეჭრა განიცადა, განსაკუთრებულ ერთიანობაში უნდა იყოს.
"რუსეთმა მოლდოვას ტკივილი მიაყენა, სცადა გაეტეხა და დაეყო საქართველო, დესტაბილიზაცია მოეხდინა კავკასიის სხვა ნაწილებში, ახრჩობს ბელარუსს და ცდილობს უკრაინის სხეულიდან ნაწილები ამოგლიჯოს. ყველა ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი მოქმედებს ამა თუ იმ ფორმით, ყველა სახელმწიფო, რომელმაც რუსეთის ჩარევა ან შეჭრა განიცადა - ჩვენ ყველა განსაკუთრებულ ერთიანობაში უნდა დავრჩეთ, ერთად დავრჩეთ განსაკუთრებულ თანამშრომლობაში და განსაკუთრებულ ურთიერთობაში ყველა სხვასთან ევროკავშირში. ჩვენ ყველას გვჭირდება ფორმატი, მხარდაჭერის ფორმატი ქვეყნებისთვის, რომელთა სიცოცხლის განადგურებას რუსეთი უკვე შეეცადა”, - განაცხადა ზელენსკიმ.


