
პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მამა და ბიძა დააკავეს
05/10/2023 14:44:52 საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი და მისი ძმა დააკავეს.
საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან მოქალაქეები "შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონში" ცვლილებებს აპროტესტებენ.
აქციის ორგანიზატორები მოძრაობა "ტალღის", "ჯიუტის", "სტუდენტები ევროპული მომავლისთვის" წევრები არიან. ისინი აცხადებენ, რომ "რუსულ მთავრობას არ გაატანინებენ მორიგი რუსული კანონის" დამტკიცებას.
შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ.
"ქართული ოცნების" 7-მა წევრმა დეპუტატმა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები 2 ოქტომბერს წარუდგინა. ისინი კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები კი დაგეგმილ ცვლილებებში „პროტესტის აკრძალვის” მცდელობას ხედავენ და ამბობენ, რომ ეს ცალსახად უკან გადადგმული, არადემოკრატიული ნაბიჯი იქნება.
საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში დემონსტრანტებს აეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა და თუკი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეუძლია როგორც სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება 500-დან 5000 ლარამდე და დაპატიმრება 15 დღემდე ვადით, ასევე „სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია”.
აქციის მონაწილეებს აეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:
საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
ფოტო/ტელეკომპანია "ფორმულა".