ევროპარლამენტის კომიტეტებმა 50 მილიარდი ევროს მოცულობის უკრაინის ფონდის შექმნას მხარი დაუჭირეს
05/10/2023 13:49:21 მსოფლიო
ევროპარლამენტის კომიტეტებმა 50 მილიარდი ევროს მოცულობის უკრაინის ფონდის შექმნას მხარი დაუჭირეს. ფონდის შექმნას ევროპარლამენტის საბიუჯეტო და საგარეო საქმეთა კომიტეტებში 86 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 6-წინააღმდეგი იყო, ხოლო ორმა თავი შეიკავა.
საბიუჯეტო კომიტეტში უკრაინის ფონდის შესახებ მომხსენებელმა, რუმინელმა ევროპარლამენტარმა, ვლად გეორგემ ფონდს უწოდა "ძლიერი ინსტრუმენტი უკრაინაში მდგრადობის შესაქმნელად", რომელიც უზრუნველყოფს ძირითად საჯარო მომსახურებას და დაეხმარება კიევს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში.
ევროპარლამენტმა სამშაბათს დაამტკიცა ცვლილებები ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტში 2021-2027 წლების პერიოდისთვის. ცვლილებები ითვალისწინებს, კერძოდ, ე.წ. უკრაინის ფონდის შექმნას 50 მილიარდი ევროს მოცულობით. თუმცა კვლავაც არ არის ნათელი, განხორციელდება თუ არა ეს გეგმა. ბევრი რამ არის დამოკიდებული ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების, კერძოდ, უნგრეთის პოზიციაზე.
ასეთი ფონდის შექმნის გეგმაზე ივნისში გამოაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა. საუბარია ფინანსურ რეზერვზე უკრაინაში სახელმწიფო ბიუჯეტისა და სხვადასხვა პროგრამის მხარდასაჭერად. ფონდიდან იარაღის შეძენა არ მოხდება. ფონდი ნაწილობრივ დაფინანსდება გრანტებით, მაგრამ დიდი ნაწილი იქნება სესხები.


