Accentnews.ge
მერის წარმომადგენელს სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებენ

მერის წარმომადგენელს სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებენ

05/10/2023 12:11:00 საზოგადოება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები ქისმად ისმაილოვი, სოფელში მერის წარმომადგენელს სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებს. როგორც ისმაილოვი ამბობს, მერის წარმომადგენლის სახელით სიცოცხლის მოსპობით მას შემდეგ დაემუქრნენ, რაც სოციალურ ქსელ ტიკტოკში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდა.

ისმაილოვი ტიკტოკში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს:

„7 სექტემბერს, როცა სტიქია იყო ჩემს საცხოვრებელ სახლსაც გადახადა სახურავი. მას შემდეგ არაერთხელ ვითხოვე დახმარება, მაგრამ ჩემთან არავინ მოსულა. გადავწყვიტე ჩემი სახსრებით შემერემონტებინა ჭერი, თუმცა უსახსრობის გამო სრულად ვერ შევძელი. ახლა წვიმის დროს ოთახებში სახურავიდან წყალი ჩამოდის. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ვითხოვე დახმარება, ამჯერად მერიიდან მოვიდნენ წარმომადგენლები და პრობლემა ჩაინიშნეს, თუმცა მას შემდეგ თითქმის ერთი თვე გავიდა და აღარავინ მოსულა. ეს მთავრობა ხალხთან მაშინ მიდის, როცა არჩევნებში ხმები სჭირდებათ, როცა პრობლემა ჩვენ გვაქვს, ეს არავის აინტერესებს“ - ამბობს ტიკტოკში გამოქვეყნებულ ვიდეოში, კაბალში მცხოვრები ქისმად ისმაილოვი.

მისი თქმით, ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე 2 ოქტომბერს სახლში მიაკითხა სამმა ადგილობრივმა და უთხრა რომ მერის წარმომადგენლის ასიფ მამედოვის დავალებით მოქმედებდნენ.

ისმაილოვი ჰყვება, რომ ავტომობილში ჩასვეს, ტყეში წაიყვანეს და ვიდეოს წაშლა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

„ტიკტოკზე ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე ჩემთან სახლში მოვიდა სამი პიროვნება, ერთმა მითხრა,რომ მერის წარმომადგენლის დეიდაშვილია. ავტომობილში ჩამსვეს და მეზობელი სოფლის, ფონის ტყეში წამიყვანეს. თავიდან დაიწყეს ლაპარაკი, რომ ვიდეო უნდა წამეშალა, შემდეგ ახალი გადამეღო, სადაც მთავრობის კრიტიკის გამო ბოდიშს მოვიხდიდი და ისევ ჩემს ტიკტოკში გამოვაქვეყნებდი... ამაზე მე უარი განვაცხადე... გადმოვიდნენ მანქანიდან და დაიწყეს მუქარა, ბოლოს მოგიღებთ, მოგკლავთო. მითხრეს, ჩემს მცირეწლოვან შვილზეც მეფიქრა. შვილზე მუქარის გამო შემეშინდა და ვიდეო წავშალე, თუმცა სახლში რომ დავბრუნდი ისევ დავდე. კიდევ მოვიდნენ, მეუბნებოდნენ შენ გამგებლის დონის არ ხარ და უნდა იცოდე ვის ეჭიდავებიო. ისეთ ხალხს ვიცნობთ რომ წუთებში გაგაქრობენო. დახმარებას ვითხოვ, რადგან მე და ჩემი ოჯახი საფრთხეში ვართ“, – განუცხადა "რადიო თავისუფლებას" კაბალში მცხოვრებმა ქისმად ისმაილოვმა, რომელმაც მუქარის მიუხედავად ტიკტოკში მეორედ გამოქვეყნებული ვიდეო აღარ წაშალა.

ქისმად ისმაილოვი ჰყვება, ამის შემდეგ მერის წარმომადგენლის სახელით მოქმედმა ადამიანებმა მის დეიდაშვილს, სახავათ სადაროვს მიაკითხეს და მასაც დაემუქრნენ.

„მე პროფილაქტიკაში ვმუშაობ და იქ მომაკითხეს. ამბობდნენ, კაი ბიჭები ვართ და ქურდებთან გვაქვს საქმეო. თუ ვიდეოს არ წააშლევინებ, მაშინ შენც და იმანაც დატოვეთ საქართველო თორემ შენც მოგკლავთო. მეუბნებოდნენ ასიფა შენი დონის არ არის ასე არ უნდა მოქცეულიყავითო. მე ვუთხარი, გელოდებით და რაც გინდა ის გააკეთეთ -მეთქი“, – განუცხადა სადაროვმა "რადიო თავისუფლებას".

როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, მან სცადა კაბალში მერის წარმომადგენელთან ასიფ მამედოვთან დაკავშირება, თუმცა მამედოვმა გამოცემის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

"მამედოვი სამუშაო საათებში არ დაგვხვდა არც სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში.

ერთ-ერთი ადგილობრივი ჯეიჰუნ ისკანდაროვი. ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ქისმად ისმაილოვს სახლში მიაკითხა და ტყეში წაიყვანა. ის ისმაილოვთან შეხვედრას არ უარყოფს. თ,ცა ამბოს რომ სიცოცხლის მოსპოვით არ დამუქრებიან,

„კი, შევხვდით ისმაილოვს და სასაუბროდ წავიყვანეთ, მაგრამ სიცოცხლის მოსპობით არ დავმუქრებივართ. გვინდოდა აგვეხსნა, რომ არასწორ საქციელს ჩადიოდა, ეს იყო და ეს“

მომხდარის შესახებ არაფერი იცის ლაგოდეხის მერმა. ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ თუ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, დაზარალებულმა გამოძების დაწყების თხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართოს", – იუწყება "რადიო თავისუფლება".

ქისმად ისმაილოვის განცხადების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 4 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო. გამომძიებლის შეკითხვებს უკვე უპასუხა ისმაილოვმა. იგეგმება კაბალში მერის წარმომადგენლის, ასიფ მამედოვის გამოკითხვაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S