ბაიდენი უკრაინის მხარდასაჭერად "დიდ მიმართვას" ამზადებს
05/10/2023 08:49:15 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "დიდ მიმართვას" გეგმავს, რათა დაარწმუნოს ამერიკელი კანონმდებლები და ხალხი, კვლავაც გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა რუს აგრესორთან მის ბრძოლაში. ამის შესახებ ბაიდენმა კონგრეში მიმდინარე იმ დავის ფონზე განაცხადა, რომელმაც კიევის დაფინანსება საფრთხის ქვეშ დააყენა.
"მინდა, დავანახო კონგრესმენებს, რომ უკრაინის წარმატება სრულად პაუხობს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს" - განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.
პრეზიდენტის სიტყვებს წინ უძღვოდა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობიდან რესპუბლიკელი კევინ მაკარტის გადაყენება. ეს რამდენიმე დღეში მოხდა მას შემდეგ, რაც კონგრესმა დროებითი - 45 დღიანი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც უკრაინის დასახმარებლად თანხები გათვალისწინებული არ იყო. მემარჯვენე რესპუბლიკელებმა მაკარტი იმაში დაადანაშაულეს, რომ იგი ამზადებდა ბაიდენთან შეთანხმებას იმგვარი დახმარების გამოყოფის თაობაზე, რომელსაც ისინი არ დასთანხმებიან.
პენტაგონი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუკი კონგრესი ზომებს არ მიიღებს, დაფინანსება უახლოეს თვეებში ამოიწურება. სამხედრო უწყებას 5,4 მილიარდი დოლარი დარჩა იმ პროგრამის მიხედვით, რომელიც პრეზიდენტის სანქცირებით მარაგებიდან შეიარაღების მიწოდებას ითვალისწინებს და 1,6 მილიარდი იმ 25, 9 მილიარდი დოლარიდან, რომელიც კონგრესმა უკრაინისთვის გაგზავნილი შეიარაღების სანაცვლოდ მარაგების შესავსებად გამოყო.
"მე ეს მაღელვებს, მაგრამ ვიცი, რომ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრთა უმრავლესობა ორივე პარტიიდან აცხადებდა, რომ უკრაინის დაფინანსებას მხარს უჭერს" - განაცხადა ბაიდენმა.
მთავრობის დაფინანსების გაგრძელების შესახებ ახალი შეთანხმება ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა იქნას მიღწეული, თუმცა ბაიდენმა მიანიშნა, რომ ეძებს ალტერნატიულ გზებს, რათა უკრაინისთვის დახმარება ამ ვადაზე ადრე უზრუნველყოს.
აშშ-ის ლიდერმა ასევე უპასუხა კითხვას იმის შესახებ, მართლა დაჰპირდა თუ არა უკრაინას ATACMS-ის რაკეტების მიწოდებას, როგორც მედია წერდა. ბაიდენის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ამასწინანდელი შეხვედრისას მათ "დაამუშავეს ყველა საკითხი, რომელსაც უკრაინული მხარე ითხოვდა".
ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის დასახმარებლად 24 მილიარდ დოლარს ითხოვდა. რესპუბლიკელების უმრავლესობა ამის ცალსახად წინააღმდეგ არ გამოსულა, თუმცა დახმარების გამოყოფა იმ საკუთარი საბიუჯეტო პრიორიტეტების დაკმაყოფილებას დაუკავშირა, რომელიც დემოკრატებისთვის სრულად მისაღები არ ყოფილა.


