Bloomberg: თურქეთი უკრაინის საკითხზე რიგით მესამე საერთაშორისო მოლაპარაკებებს რუსეთის მონაწილეობის გარეშე გამართავს
05/10/2023 08:38:10 მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლება ოქტომბრის ბოლოს უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დარეგულირების თემაზე დიდი საერთაშორისო შეხვედრის გამართვას გეგმავს, - იუწყება Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. მისივე ინფორმაციით შეხვედრაზე რუსეთის მიწვევა არ იგეგმება. სამაგიეროდ ელიან ჩინეთის წარმომადგენლებს, თუმცა პეკინს ოფიციალური თანხმობა ჯერ არ განუცხადებია.
გამოცემის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნების მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯეიკ სალივანი ეცდებიან, ინდოეთი და ლათინური ამერიკის ქვეყნები კიევის მხარდაჭერის აუცილებლობაში დაარწმუნონ.
გარდა ამისა, შეხვედრის მსვლელობისას მხარეები იმსჯელებენ იმ სამშვიდობო სამიტზე, რომლის გამართვაც წელს უკრაინას სურს, ასევე იმსჯელებენ პრეზიდენტ ზელენსკიმ მიერ შემოთავაზებულ "მშვიდობის ფორმულაზე", რომელიც, კერძოდ, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარის სრულად გაყვანას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ტყვეთა გათავისუფლებას გულისხმობს.
ცნობისთვის: ეს უკრაინის საკითხზე რიგით მესამე დიდი საერთაშორისო შეხვედრა იქნება, პირველი მიმდინარე წლის ივნისში დანიაში გაიმართა, მეორე - აგვისტოში საუდის არაბეთში. მაშინ მოლაპარაკებებში 42 ქვეყნის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. რუსეთს არც ერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა და ამ მოლაპარაკებებს "ანტირუსული კოალიციის ჩამოყალიბების მცდელობა" უწოდა.
რუსეთი უკრაინასთან ზელენსკის სამშვიდობო გეგმის განხილვას არ აპირებს, უკრაინის ტერიტორიიდან თავისი ჯარის გაყვანაზე მსჯელობა არ სურს და კიევისგან "ახალი რეალიების აღიარებას" (ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის ნაწილობრივ ოკუპირებული ტერიტორიების რუსულად ცნობას) მოითხოვს.


