გაეროს ანგარიში: რუსი სამხედროები ტყვეებს აიძულებდნენ საბრძოლო მასალის დანაღმულ ველებზე გადატანას და დაჭრილი რუსების გაყვანას, ორი დახვრიტეს
05/10/2023 07:57:01 მსოფლიო
რუსმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონში შარშან აგვისტოში ტყვედ აყვანილი ორი უკრაინელი ჯარისკაცი სიკვდილით დასაჯეს,– ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშში, რომელიც 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა. მოხსენება ეძღვნება უკრაინაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას 2023 წლის 1 თებერვლიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში.
ანგარიშის მიხედვით, სამხედრო ტყვეებს სამი თვის განმავლობაში აიძულებდნენ, საბრძოლო მასალა და სხვა ნივთები მიტანათ რუსეთის პოზიციებამდე დანაღმული ველების გავლით და ცეცხლის ქვეშ. ასევე აიძულებდნენ, ბრძოლის ველიდან გაეყვანათ დაჭრილი რუსები. მოხსენების თანახმად, ეს უკრაინელები ტყვედ იგდო „რუსეთის არმიასთან ასოცირებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა“, სავარაუდოდ, "ვაგნერმა".
ანგარიშის მიხედვით, ერთი უკრაინელი მოკლეს მას შემდეგ, რაც ის ფეხის არეში დაიჭრა ნაღმზე გადაბიჯებისას. მეორე სიკვდილით დასაჯეს იმიტომ, რომ უარი თქვა ბრძანების შესრულებაზე.
გარდა ამისა, გაერომ დაადასტურა ალექსანდრე მაციევსკის სიკვდილით დასჯის ვიდეოჩანაწერების ავთენტურობა, რომელიც მოკლეს "დიდება უკრაინას!" წარმოთქმის შემდეგ. ასევე დაადასტურეს უკრაინელი სამხედრო ტყვის მკვლელობა, რომელსაც თავი დანით მოაჭრეს. საერთო ჯამში, გაერომ ანგარიშში დაადასტურა ექვსი სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის ფაქტი.
რუსები კლავენ არა მხოლოდ უკრაინელ სამხედროებს, არამედ მშვიდობიან მოსახლეობასაც. ჯამში, 2022 წლის 24 თებერვლიდან გაერო-მ დააფიქსირა 521 მშვიდობიანი მოქალაქის (404 მამაკაცი, 85 ქალი, 23 ბიჭი და 9 გოგონა) მკვლელობა რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, როგორც სიკვდილით დასჯის, ისე ცალკეულ მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმების გზით.


