ბრიტანეთი: რუსეთი გეგმავს, დანაღმოს შავი ზღვის საექსპორტო დერეფანი
05/10/2023 05:57:37 მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთის დახვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთი გეგმავს, დანაღმოს შავი ზღვის საექსპორტო დერეფანი.
"გასაიდუმლოებული მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, გააგრძელოს შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმა, მათ შორის უკრაინის პორტების მისადგომებზე საზღვაო ნაღმების განთავსებით", - ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, უწყება დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ "რუსეთი შეეცდება, დაადანაშაულოს უკრაინა სამოქალაქო გემების ნაღმებით აფეთქებაში".
ბრიტანეთი აცხადებს, რომ "მას აქვს სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობები შავ ზღვაში რუსეთის მოქმედებების მონიტორინგისთვის და ეს შესაძლებლობები საშუალებას აძლევს მას დაადგინოს და საჯაროდ განაცხადოს რუსეთის მონაწილეობა თავდასხმებში სამოქალაქო გემებზე".
2023 წლის ივლისში რუსეთმა დატოვა თურქეთის და გაეროს შუამავლობით 2022 წლის ივლისში მიღწეული ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფდა შავი ზღვით უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტს. შეთანხმებაზე უარის შემდეგ რუსეთმა განაახლა უკრაინის პორტებზე დრონებით და რაკეტებით შეტევა.
დიდი ბრიტანეთის განცხადებით, რუსეთის შეტევამ უკვე გაანადგურა მილიონზე მეტი ადამიანისთვის წლის განმავლობაში სამყოფი ხორბალი. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შემდეგ რუსეთმა გაანადგურა ოდესის, ჩერნომორსკის და რენის საპორტო ინფრასტრუქტურის 130 ობიექტი და საცავებში შენახული 300 000 ტონამდე ხორბალი.
„მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ, უკრაინამ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, შავ ზღვაში თავად აამოქმედა საექსპორტო დერეფანი.


