Accentnews.ge
ომბუდსმენი – ახალ შეზღუდვებზე: სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა

ომბუდსმენი – ახალ შეზღუდვებზე: სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა

04/10/2023 18:40:44 პოლიტიკა, საზოგადოება

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი პროექტით სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების, მაგალითად, კარვის, გამოყენებით.

ობუდსმენის შეფასებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი "ინტენსიური შეზღუდვა" შესაძლებელია, გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით, "რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება".

„ცვლილებებით აიკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეების მიერ დროებითი კონსტრუქციების მოწყობა 5 შესაძლო საფუძვლით, რაც სახალხო დამცველის აზრით, არ არის საკმარისი, პროექტით წარმოდგენილი შეზღუდვების დასაწესებლად.

სახალხო დამცველის განცხადებით, მოქმედი ნორმები უკვე ითვალისწინებს ასეთი საფრთხეების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობას და ამ კუთხით დამატებითი აკრძალვების დაწესების საჭიროება არ არსებობს. მითუმეტეს, რომ კანონპროექტი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა”, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

საპროტესტო აქციებზე დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვის საკითხზე ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

"ქართული ოცნების" 7-მა წევრმა დეპუტატმა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები 2 ოქტომბერს წარუდგინა. ისინი კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები კი დაგეგმილ ცვლილებებში „პროტესტის აკრძალვის” მცდელობას ხედავენ და ამბობენ, რომ ეს ცალსახად უკან გადადგმული, არადემოკრატიული ნაბიჯი იქნება.

საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში დემონსტრანტებს აეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა და თუკი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეუძლია როგორც სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება 500-დან 5000 ლარამდე და დაპატიმრება 15 დღემდე ვადით, ასევე „სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S