მარია ოვსიანიკოვას 8.5-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს
04/10/2023 17:14:54 მსოფლიო
რუსეთის პირველი არხის ყოფილ რედაქტორს მარია ოვსიანიკოვას რუსულმა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 8.5-წლიანი პატიმრობა.
მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ ოვსიანიკოვა დამნაშავედ ცნო რუსეთის არმიაზე "პოლიტიკური ზიზღის მოტივით ყალბი ცნობების" გავრცელებაში.
ოვსიანიკოვა ცნობილი გახდა 2022 წლის მარტში, როცა პირველი არხის პირდაპირ ეთერში ანტისაომარი პლაკატით გამოჩნდა. იგი გერმანიაში გაემგზავრა, თუმცა მოგვიანებით მოსკოვში დაბრუნდა და ანტისაომარ აქციებში მონაწილეობდა, ამის გამო სამჯერ დააჯარიმეს. მოგვიანებით კი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახდა. ამ შემთხვევაში მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის საბაბი გახდა მოსკოვში პიკეტის მოწყობა. ოვსიანიკოვას ხელში ეჭირა პლაკატი, წარწერით: „პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები – ფაშისტები. 352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი უნდა დაიღუპოს, რომ გაჩერდეთ?!“.
ოვსიანიკოვას შინაპატიმრობა განუსაზღვრეს, თუმცა მან არასრულწლოვან შვილთან ერთად რუსეთიდან გაქცევა მოახერხა.


