
ირანი ტყუილში რუსეთმა, შემთხვევით, ამხილა
04/10/2023 15:22:57 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აჩვენა ვიდეო, რომელშიც რუსი სამხედროები ირანულ ჭურვებს იყენებენ. აღსანიშნავია, რომ თეირანი ამ დრომდე უარყოფს მოსკოვისთვის სამხედრო დახმარების გაწევას უკრაინის წინააღმდეგ ომში. იგივეს იმეორებს რუსეთიც.
ხსენებულ ვიდეოზე ყურადღება გერმანულმა Bild-მა გაამახვილა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენები იყო „არაშის“ ტიპის 122 მმ-იანი ჭურვები. ის განკუთვნილია BM-21 Grad–ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის.
ირანული ჭურვები კონფლიქტის ზონიდან რამდენჯერმე მოხვდა კადრებზე. მათ უკრაინელი სამხედროებიც იყენებდნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამ შემთხვევებში, სავარაუდოდ, საუბარი იყო ჭურვებზე, რომლებიც დასავლელმა მოკავშირეებმა იგდეს ხელთ, როცა ისინი იემენში მიჰქონდათ. ირანი ერთ-ერთ დაპირისპირებულ მხარეს უჭერს მხარს.
თეირანი უარყოფს რუსეთისთვის რაიმე სახის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას. ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა ბოლოს ორი კვირის წინ განაცხადა, რომ ირანი ასეთ დახმარებას არ უწევს რუსეთს, – გაიხსენა Bild-მა.