
ჩუგოშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მტკიცებულებების წარმოდგენას მოითხოვს
04/10/2023 14:49:48 პოლიტიკა, საზოგადოება
როდესაც ამტკიცებენ, რომ იქ [საერთაშორისო ვიზიტებისას] იყო მოლაპარაკების წარმოება ან რაღაც ისეთი ქმედება, რომლითაც პრეზიდენტი შეიჭრა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში და უშუალოდ პოლიტიკის განხორციელებაში, მოვითხოვ, პარლამენტის წარმომადგენლებმა წარმოადგინონ მტკიცებულებები, გვაჩვენონ, რა მოლაპარაკებები იყო , - ამის შესახებ პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ვიზიტებზე თანხმობის შემდეგ პრეზიდენტი უარს იღებდა, სალომე ზურაბიშვილმა ჩათვალა, რომ ეს საგარეო ურთიერთობებიდან მის იზოლირებას ემსახურებოდა.
„დადგენილი პრაქტიკა იყო და როდესაც სისტემატური თანხმობის შემდეგ, უცებ უარს შეეჯახა, ჩათვალა, რომ ეს ემსახურებოდა მის იზოლირებას საგარეო ურთიერთობებიდან, მაშინ, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია ქვეყნისთვის. ადამიანები, რომლებმაც გადაწყვეტილება უნდა მიღონ, რას ამბობენ - ისინი პრეზიდენტის როლს ცალსახად პოზიტიურად აფასებენ. მან ჩათვალა, მის შეხვედრებზე უარი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩამოშორდეს საგარეო ურთიერთობებს და ამან შეიძლება დააზიანოს ის დიდი მიზანი, სადაც ერთად ვართ. პრეზიდენტს თავისი პოზიცია, მთავრობა კარგად ახერხებს თუ არა თავისი უფლებამოსილების განხორციელების, საჯაროდ აქვს ნათქვამი.
პრეზიდენტი თავისი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში აუცილებლად მიიჩნევს, რომ ევროპელ ლიდერებს ესაუბროს ახლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა წევრი ქვეყნის პირველ პირს საქართველოს ყველა უმაღლესი წარმომადგენელი უნდა ესაუბროს. პრეზიდენტი და პრემიერი ერთად უნდა დადიოდნენ, უნდა მოიარონ ყველა წევრი ქვეყანა. მოვითხოვ, პარლამენტის წარმომადგენლებმა წარმოადგინონ მტკიცებულებები, სასამართლომ მოსთხოვოს მათ იგივე სტანდარტი. როდესაც ამტკიცებენ, რომ იქ იყო მოლაპარაკების წარმოება ან რაღაც ისეთი ქმედება, რომლითაც პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში და უშუალოდ პოლიტიკის განხორციელებაში შეიჭრა, გვაჩვენონ, რა მოლაპარაკებები იყო. მათი მხრიდან მტკიცებულებები არაა წარმოდგენილი და ჩვენს მხარეს სთხოვთ მტკიცებულებებს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.