ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა საზღვრის სადავო საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს
04/10/2023 07:38:26 მსოფლიო
ტაჯიკეთის და ყირგიზეთის წარმომადგენლებმა სახელმწიფო სააზღვრის სადავო მონაკვეთების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხების განხილვის შემდეგ სასაზღვრო პრობლემის გადაჭრისა და ერთობლივი პროტოკოლის ხელმოწერის შესახებ განაცხადეს. ამასთან, შეთანხმების დეტალები ჯერ არ განსაჯაროებულა, - იუწყება რადიო "ოზოდი".
მხარეებს შორის კონსულტაციები ყირგიზეთის ბატკენის ოლქში მიმდინარეობდა, რომელიც ტაჯიკეთის სოგდის ოლქს ესაზღვრება.
"შეთანხმებული პროტოკოლის რეალიზაცია შესაძლებლობას იძლევა, გადაიჭრას ყველა პრობლემა, რომელიც აქამდე ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის სასაზღვრო ზოლზე კონფლიქტების მიზეზად იქცეოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ხელმოწერილი შეთანხმება ორივე რესპუბლიკის ხელმძღვანელის ნებას ასახავს" - განაცხადა ტაჯიკეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა საიმუმინ იატიმოვმა.
ანალოგიური განცხადება გააკეთა ყირგიზეთის უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა კამჩიბეკ ტაშიევმა.
ზემოაღნიშნული ოფიციალური ინფორმაციის განსაჯაროებამდე ტაშიევთან დაახლოებული ჟურნალისტი "ფეისბუქში" წერდა, რომ მიღწეულ შეთანხმებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს და რომ ტაჯიკეთმა თავის ტერიტორიულ პრეტენზიებზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის: სადღეისოდ ორ ქვეყანას შორის 972 კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის 300-ზე მეტი კილომეტრია შეუთანხმებელი. ამის საფუძველზე პერიოდულად ხდებოდა კონფლიქტები. მათ შორის ბოლო შეტაკებები 2021 წლის აპრილსა და 2022 წლის სექტემბერში მოხდა. ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. ბოლო კონფლიქტის დროს ყირგიზეთმა თურქული უპილოტო საფრენი აპარატები "ბაირაქტარი" გამოიყენა, ხოლო ტაჯიკეთმა - მძიმე შეიარაღება.


