კევინ მაკკარტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობიდან გადააყენეს
04/10/2023 07:01:38 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი სპიკერის თანამდებობიდან გადააყენა. ეს კონგრესის ქვედა პალატის არსებობის ისტორიაში სპიკერის გადაყენების პირველი შემთხვევაა.
წარმომადგენელთა პალატას 221 ხმით რესპუბლიკელები აკონტროლებენ. დემოკრატებს 212 მანდატი აქვთ. 3 ოქტომბერს მაკკარტის გადადგომას, რომლის ინიციატორი მისი მკვეთრად მემარჯვენე თანაპარტიელი მეტ გეტცი იყო, მხარი დაუჭირა 216-მა კონგრესმენმა, მათ შორის 8 რესპუბლიკელმა. წინააღმდეგი იყო 210 კონგრესმენი.
მკვეთრად მემარჯვენე რესპუბლიკელები სპიკერს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც 30 სექტემბერს კევინ მაკკარტიმ როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების ხმების მობილიზებით უზრუნველყო წარმომადგენელთა პალატის მიერ აშშ-ის დროებითი ბიუჯეტის დამტკიცება და ამით ქვეყანამ თავიდან აიცილა 1 ოქტომბრიდან სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციონირების შეწყვეტა. კონგრესმენმა გეტცმა თანაპარტიელი მაკკარტი პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. თავად მაკკარტი მიიჩნევს, რომ გეტცის მოტივი ბიუჯეტის მიღებას არ უკავშირდებოდა და ის, უბრალოდ, პოპულარობის მოპოვებას ცდილობს.
დროებითი ბიუჯეტის მიღების მიუხედავად, დემოკრატები მაკკარტის არასაიმედოდ მიიჩნევდნენ და მის გადადგომას მხარი დაუჭირეს. დემოკრატიული პარტიის აღშფოთებას იწვევდა სპიკერის გადაწყვეტილებაც, მხარი დაეჭირა პრეზიდენტ ბაიდენის შესაძლო იმპიჩმენტის მიზნით გამოძიების დაწყებისთვის.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერის არჩევამდე მის მოვალეობას რესპუბლიკელი პატრიკ მაკჰენრი შეასრულებს. თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კევინ მაკკარტიმ განაცხადა, რომ სპიკერად კენჭისყრას აღარ აპირებს. წინასწარი ინფორმაციით, რესპუბლიკელები 10 ოქტომბერს შეიკრიბებიან სპიკერობის კანდიდატთა განსახილველად, 11 სექტემბერს კი კენჭისყრა ჩატარდება.
თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყოველთვის მზად არის კონგრესში ორივე პარტიასთან ერთად მუშაობისთვის. ჟან-პიერის თანახმად, ამერიკელი ხალხის წინაშე არსებული, სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხების გამო დრო არ ითმენს, ამიტომ, პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ წარმომადგენელთა პალატა ახალ სპიკერს სწრაფად აირჩევს.
აშშ-ში შუალედური არჩევნები 2022 წლის 8 ნოემბერს ჩატარდა. ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ივე და სენატის 100-დან 35 წევრი. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დემოკრატიულმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგა, თუმცა შეინარჩუნა სენატში.


