
ბაიდენი – მოკავშირეებს: აშშ უკრაინის გვერდით მყარად იდგება
03/10/2023 16:58:16 მსოფლიო
თეთრი სახლის ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკის საკვანძო მნიშვნელობის მოკავშირეებთან სატელეფონო საუბარი გამართა, რათა "დაერწმუნებინა ისინი, რომ აშშ უკრაინის გვერდით მყარად იდგება".
ბაიდენი ესაუბრა კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, აგრეთვე ევროკავშირისა და NATO–ს ლიდერებს, ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, – იტყობინება თეთრი სახლი.
„დღეს დილით პრეზიდენტმა ბაიდენმა სატელეფონო თათბირი გამართა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა მოეხდინა უკრაინის მიმართ ჩვენი უწყვეტი დახმარების კოორდინაცია", ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
1 ოქტომბერს ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას და კონგრესს მოუწოდა, ამ მიზნებისათვის თანხების გამოყოფაზე რაც შეიძლება, მალე შეთანხმდეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებულ დროებით ბიუჯეტზე, რომელიც ფედერალური სააგენტოების დაფინანსებას 45 დღის განმავლობაში ითვალისწინებს. ამ ბიუჯეტში უკრაინის ფინანსური დახმარების სახსრები არ შესულა.
"არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეჩერება", - განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ კონგრესს გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო არ აქვს.