გერმანია პირველად გადაისვრის საზღვარგარეთ სრულ სამხედრო ბრიგადას
03/10/2023 13:17:42 მსოფლიო
გერმანია ლიეტუვაში სამხედრო ბრიგადის განთავსებას 2024 წლის ბოლომდე გეგმავს, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიას სრული ბრიგადა, რომლის შემადგენლობაშიც ჩვეულებრივ 2 000–დან 4 000–მდე სამხედრო შედის, არასდროს გადაუსვრია საზღვარგარეთ.
„ეს სერიოზული გამოწვევაა არა მხოლოდ ლიეტუვასთვის, არამედ ჩვენთვისაც. <…> ეს არის პირველი შემთხვევა და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ნაბიჯ–ნაბიჯ“, - თქვა მინისტრმა ესტონეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან და რადიო ERR-თან ინტერვიუში.
ის ვარაუდობს, რომ ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში ექნებათ გერმანიისა და ლიეტუვის ხელისუფლებებს „საგზაო რუკა“ შემდგომი ქმედებებისთვის. სამხედროების გაგზავნამდე საჭირო იქნება შესაბამისი ბაზის შექმნა, მათ შორის ყაზარმების, საცავების, სასწავლო მოედნების აღჭურვა და სამხედროების ოჯახებისთვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გამართვა, – განმარტა პისტორიუსმა.
ლიეტუვაში ამგვარი ბრიგადის შექმნა უნდა მოიცავდეს მოხალისეების ჩართვას, მაგრამ ამ თემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, – დასძინა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
ლიეტუვაში სამხედრო პერსონალის განლაგების გარდა, ბერლინი განიხილავს საბრძოლო მასალის წარმოების დაწყებას ესტონეთში.
მან ასევე ისაუბრა გერმანიის გეგმებზე, რომ თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2%-მდე გაზარდოს:
„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ ყოველწლიურად მივაღწიოთ მშპ-ს 2%-ს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადში უფრო წინ წავალთ. მომავალ წელს ჩვენ მივაღწევთ 2%-ს სპეციალური ფონდის და ჩემი სამინისტროს რეგულარული ბიუჯეტის გამოყენებით“.
გერმანიამ საკუთარ მიდგომებს, მა შორის იარაღის კონფლიქტურ ზონებში ექსპორტისა და საკუტარი თავდაცვის ხარჯების გაზრდის კუთხით არსებითად გადახედა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.


