AFP: პოლონეთი და უკრაინა უთანხმოების დაძლევის გზას დაადგნენ
03/10/2023 11:59:15 მსოფლიო
პოლონეთმა და უკრაინამ 3 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ისინი შეთანხმდნენ, დააჩქარონ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი პოლონეთის გავლით მესამე ქვეყნებში, – იტყობინება France-Presse ვარშავიდან და დასძენს, რომ ეს გახდა პირველი ნაბიჯი ორ მოკავშირეს შორის უთანხმოების დასაძლევად.
„ხვალიდან მარცვლეული, რომლის ტრანზიტიც (მსოფლიო ბაზრებზე) ლიეტუვას გავლით განხორციელდება, შემოწმდება ლიეტუას პორტში და არა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე“, - განუცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა რობერტ ტელუსმა ჟურნალისტებს და ამას „მნიშვნელოვან საკითხი“ უწოდა.
26 სექტემბერს ვიშეგრადის ოთხი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. ჩეხეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა და პოლონეთმა მოუწოდეს ევროკავშირს, გულდასმით შეამოწმოს ეგრეთ წოდებული „სოლიდარობის დერეფნები“, რომლითაც უკრაინული მარცვლეული მესამე ქვეყნებში გადის.
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ნიკოლაი სოლსკიმ, რომელიც შეხვედრას ტელეხიდით შეუერთდა, თქვა, რომ უკრაინამ ევროკომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიმუშავა ოთხი საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ვერიფიცირების პროცედურა და ჯერ არ გააქვს სხვა ქვეყნებში, ვიდრე არ მიიღებს ხუთი სასაზღვრო ქვეყნის თანხმობას.
უკრაინამ სარჩელი პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში 18 სექტემბერს შეიტანა. ეს მოხდა პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის მიერ უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის ცალმხრივი აკრძალვის შემდეგ. ამის შემდეგ კიევმა დაიწყო მოლაპარაკებები ამ ქვეყნებთან მარცვლეულის ექსპორტის პირობებზე.


