
მთავრობის გადაწყვეტილებით, ფქვილის იმპორტის საფასური იზრდება, ქატოსა და ქერზე კი 100-ლარიანი საიმპორტო გადასახადი წესდება
02/10/2023 12:44:32 პოლიტიკა, ეკონომიკა
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქატოსა და ქერის იმპორტის შემთხვევაში დამატებითი საფასური 100 ლარით განისაზღვრება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ფქვილის იმპორტის შემთხვევაში საფასური დამატებით 50 ლარით გაიზრდება და ჯამში ტონაზე 250 ლარი დაწესდება.
როგორც ნასარიძემ აღნიშნა, ფქვილის იმპორტის საფასურის ზრდა არანაირად არ იმოქმედებს პურის ფასზე.
„აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება ფქვილის იმპორტის საფასურის ზრდასთან დაკავშირებით, როგორც წინა შემთხვევაში, ასევე, ამ შემთხვევაშიც არანაირად არ იმოქმედებს პურის ფასზე. პურის გაძვირების არანაირი რისკი არ არსებობს და შესაბამისად, ერთობლივად ეს კომპლექსური გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხორბლის რეალიზებას. ბუნებრივია, ვადაც გახანგრძლივდება. ამ ეტაპზე 1 მარტამდეა ვადა, რომელ ვადაშიც იმოქმედებს ეს მექანიზმი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვირდებით ვითარებას და თუ რაიმე საჭიროება იქნება ჩარევის ან მანამდე ან მას შემდეგ შესაბამისად ვიქმედებთ“, - აღნიშნა ნასარიძემ.