იზრდება ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც რუსული ნომრების მქონე მანქანებს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავენ
02/10/2023 08:09:35 მსოფლიო
იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც ავტომობილებს რუსული სანომრე ნოშნით საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.
ბულგარეთმა აკრძალვის შემოღება ოფიციალურად 3 ოქტომბერს გამოაცხადა. „დარწმუნებული ვარ, რომ დღის ბოლომდე ჩვენს ქვეყანაში რუსული მანქანების შემოსვლის აკრძალვა დაიწყება ბულგარეთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ანტონ ზლატანოვმა.
მან გაიხსენა, რომ მსგავსი შეზღუდვა რუსეთიდან სატვირთო გადაზიდვებზე რამდენიმე თვეა, მოქმედებს. ამასთან, ზლატანოვმა არ დააზუსტა, თუ რამდენი რუსული მანქანა შედის ბულგარეთში ყოველთვიურად, მაგრამ აღნიშნა, რომ "არც ისე ბევრი".
ერთი დღით ადრე ბულგარელმა დეპუტატმა დელიან პეევსკიმ მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას მსგავსი ზომებისკენ, რადგან საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ყველა გადაწყვეტილების შესრულება საკვანძოა ბულგარეთის "შენგენის ზონაში" გაწევრიანებისთვის.
მანამდე რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების შესვლა აკრძალა ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, რომლებთანაც რუსეთს სახმელეთო საზღვარი აქვს: ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ფინეთი და პოლონეთი, ასევე ნორვეგია, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ მონაწილეობს "შენგენის შეთანხმებაში". მსგავსი გადაწყვეტილება მიიო ევროკავშირის წევრმა გერმანიამაც. მათ ეს გააკეთეს სანქციებთან დაკავშირებით ევროკომისიის განმარტებების საფუძველზე.
კერძოდ, ბრიუსელმა ევროკავშირში რუსეთში რეგისტრირებული მანქანებით შესვლა გაათანაბრა „არალეგალურ იმპორტთან“, იმისდა მიუხედავად, მანქანა გამოიყენება კერძო თუ კომერციული მიზნებისთვის.
ასევე, გერმანიაში მოქმედი სანქციების გამო, დაიწყო რუსული ნომრიანი მანქანების ჩამორთმევა. კონფისკაციის შემთხვევა ჩეხეთშიც დაფიქსირდა.
გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი და ხორვატია რუსული მანქანების შესვლის აკრძალვას ისევე განმარტავენ, როგორც გერმანიაში. თუმცა, რუსეთის ფედერაციაში საფრანგეთის საელჩოს ცნობით, პარიზი მოქმედებს წინა წესების შესაბამისად, რაც არ გულისხმობს აკრძალვას და კონფისკაციას. მიუხედავად ამისა, „საკითხს ჯერ კიდევ სწავლობს“ საფრანგეთის ხელისუფლება, – დასძინა დიპლომატიურმა მისიამ.
ევროკომისიამ აღნიშნა, რომ სანქციებთან დაკავშირებული განმარტებები არ არის იურიდიულად სავალდებულო და ევროკავშირის თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილებები შეზღუდვების თაობაზე.


