უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის
01/10/2023 05:45:18 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ტერიტორიაზე იარაღის წარმოების საერთაშორისო ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადა, - იუწყება "რადიო თავისუფლება".
"ჩვენ შევიმუშავეთ შესაბამისი ძირითადი დეკლარაცია, როგორც ალიანსის საფუძველი, მას შეიძლება შეუერთდნენ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მწარმოებლები მთელ მსოფლიოში, რომლებიც იზიარებენ ჩვენს განზრახვას, უზრუნველყონ აგრესიისგან დაცვა თანამედროვეობის სარისკო პირობებში", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა კიევში თავდაცვის მრეწველობის პირველ ფორუმზე.
მისი თქმით, ფორუმში მსოფლიოს 30 ქვეყნის 252 თავდაცვის კომპანია მონაწილეობს და უკრაინა დაინტერესებულია უცხოური კომპანიების იარაღისა და აღჭურვილობის წარმოების ლოკალიზებით.
ზელენსკიმ გაიხსენა შეერთებულ შტატებში ბოლო ვიზიტი და, კერძოდ, აღნიშნა, რომ ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეთანხმდა იარაღის ერთობლივ წარმოებაზე. გარდა ამისა, თქვა, რომ უკრაინა შექმნის საზღვაო დრონების პირველ ფლოტს მსოფლიოში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 19 ქვეყნის 38 კომპანია უკვე შეუერთდა იარაღის ინდუსტრიის ალიანსს. ამ ქვეყნების სია არ არის ცნობილი.


