Accentnews.ge
განათლების სამინისტრო: იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმის შესწავლა დავიწყეთ

განათლების სამინისტრო: იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმის შესწავლა დავიწყეთ

30/09/2023 11:49:29 საზოგადოება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, უწყებამ იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეზე ბულინგის საქმის შესწავლა დაიწყო.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეს. საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან.

აქვე გაცნობებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს. როგორც მოგეხსენებათ, იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია საკითხის ყველა ასპექტის შესწავლაში", – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეები თანატოლს თვითდაზიანებისკენ უბიძგებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე (მუქარის) მუხლით.

ბულინგის საქმეს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი მაია ცირამუა გამოეხმაურა:

„ორი დღეა ვრცელდება წერილი, რომელიც თანაკლასელმა მისწერა თანაკლასელს. შემზარავია ამ წერილის შინაარსი. მაგრამ ვფიქრობ, სწორედ ამ შინაარსიდან გამომდინარე, სახიფათოა მისი გავრცელება, რადგან თვითდაზიანების “ინსტრუქციაა”. კიდევ უფრო შემზარავია ის ფაქტი, რომ ბავშვის მშობელს დასჭირდა ასე მოქცეულიყო, რადგან, როგორც ჩანს, დიდი ხანია გრძელდება კონკრეტული პირის დევნა, შევიწროება და ამაზე სკოლა არ რეაგირებს. იმედი მაქვს, როცა ამ ტექსტს ვწერ, შსს – ს, განათლების სამინისტროს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს, სკოლის ადმინისტრაციას და სხვა უწყებებს, უკვე დაწყებული აქვთ მოქმედება და ორივე ბავშვი საიმედო ხელშია. რისკის შემცველია ის ამბავიც, რომ ვხედავ მცდელობას გაარკვიონ ვინაა და სადაა ეს ბავშვი. ლამისაა ჩაქოლონ, აქვე. მესმის, შემზარავია, რასაც წერს, გვაბრაზებს და გვაშინებს მისი სისასტიკე, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაშია ეს ბავშვი, ასეთი რამ რომ მოაფიქრდა (სავარაუდოდ თავადაც გამოუცდია ის, რასაც თანაკლასელს სთავაზობს – თვითდაზიანებას ვგულისხმობ), მერე წერილი დაწერა და კიდევ უფრო მძიმე მუქარა მოაყოლა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაირკვეს – რატომაა ეს ბავშვი ასეთ მდგომარეობაში და მერე დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ გადარჩეს. ცხადია, სერიოზული დახმარება სჭირდება მისი აგრესიის სამიზნეს, იმ ბავშვს, რომელიც ალბათ დიდი ხანია მარტოა ამ პრობლემის პირისპირ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S