რუსეთი ეროვნული უმცირესობების კონვენციიდან ცალმხრივად გადის
29/09/2023 14:54:44 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინა კანონპროექტი ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის დენონსაციის შესახებ. დოკუმენტი, როგორც პარასკევს გახდა ცნობილი, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში განთავსდა.
დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კონვენციიდან ცალმხრივად გამოსვლა საშუალებას მისცემს რუსეთს, "თავიდან აიცილოს რუსეთის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება და არ დააზარალებს ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას". ბარათში აღნიშნულია, რომ 2022 წლის სექტემბერში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსი ექსპერტის უფლებამოსილებები კომიტეტში, რომელიც შეიქმნა მონაწილე ქვეყნების მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისთვის, მნიშვნელოვნად შეიზღუდა. მოსკოვმა ასევე დაკარგა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილებების შემუშავებაში და მონიტორინგი გაუწიოს ეროვნული უმცირესობების, პირველ რიგში, რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის შემთხვევებს საზღვარგარეთ, – ნათქვამია დოკუმენტში.
რუსეთმა ხელი მოაწერა კონვენციას 1995 წელს. დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ეროვნული უმცირესობების მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ ასიმილაციას მათი ნების საწინააღმდეგოდ და მხარს უჭერს მშობლიური ენის თავისუფლად გამოყენების უფლებას.


