"გაზპრომი" ბუნებრივი აირის წარმოებაში რეკორდული კოლაფსის წინაშე დგას
29/09/2023 11:31:51 მსოფლიო
"გაზპრომი" ბუნებრივი აირის წარმოებაში რეკორდული კოლაფსის წინაშეა მას შემდეგ, რაც კომპანიას ევროპის ბაზრიდან გასვლა მოუწია. ომამდე ევროპის ქვეყნების ბაზრებზე კომპანიის მიერ წარმოებული ნედლეულის მესამედი გადიოდა,- წერს "moscowtime".
რუსული სახელმწიფო კომპანიის კვარტალური ანგარიშით, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ბოლოს გაზპრომის მიერ წარმოებული გაზის მოცულობამ 179.45 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოცულობა შემცირდა 25%-ით, ხოლო ომამდელ პერიოდთან შედარებით, თითქმის მესამედით - 2021 წლის იანვარ-ივნისში "გაზპრომმა" 260.8 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის გაზი აწარმოა.
მსოფლიოს უმსხვილეს გაზის კომპანიის წარმოებაში ამგვარი სწრაფი ტემპით შემცირება არასდროს მომხდარა - 2009 წელს, მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, გაზპრომმა წარმოება შეამცირა 16%-ით, ხოლო სსრკ-ს დაშლის შემდეგ მხოლოდ 12%-ით (1992 წლიდან 1998 წლამდე).
"გაზის წარმოების შემცირება გამოწვეულია რიგ ქვეყნებში პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებით, რომელიც რუსული გაზის იმპორტის დაბლოკვას ისახავს მიზნად". - ამბობენ კომპანიაში.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იმედოვნებს წარმოებული გაზის აზიის ქვეყნებში ექსპორტს, ასევე თურქეთში ე.წ. გაზის კერის შექმნას, Bloomberg-ის შეფასებით, "გაზპრომში" წლიურად წარმოებული 90 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი მყიდველის გარეშე დარჩება.


