Accentnews.ge
პუტინმა "ვაგნერელების" მიერ ღალატში დადანაშაულებულ ტროშევს დაავალა მოხალისეთა დანაყოფების შექმნა

პუტინმა "ვაგნერელების" მიერ ღალატში დადანაშაულებულ ტროშევს დაავალა მოხალისეთა დანაყოფების შექმნა

29/09/2023 09:30:00 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ერთ-ერთ ყოფილ მეთაურს, გადამდგარ პოლკოვნიკ ანდრეი ტროშევს და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს იუნუს-ბეკ ევკუროვს კრემლში შეხვდა. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ კრემლის ოფიციალურ საიტზე განთავსდა.

ამ ინფორმაციის მიხედვით, პუტინმა ტროშევს მიმართა, რომ წინა შეხვედრაზე ისაუბრეს მოხალისეთა ქვედანაყოფების შექმნაზე, რათა მათ შეასრულონ სხვადასხვა საბრძოლო ამოცანა, „პირველ ყოვლისა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“.

კრემლის ცნობით, პუტინმა ტროშევს უთხრა, რომ წელიწადზე მეტხანს თავად იბრძოდა ასეთ ქვედანაყოფში და იცის ყველა საკითხი, რომლებიც წარმატების მისაღწევად დროულად უნდა გადაწყდეს და კავშირი აქვს ყოფილ თანამებრძოლებთანაც.

რუსეთის პრეზიდენტმა ახსენა სოციალური გარანტიებიც, რომლებიც ერთნაირი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საბრძოლო ამოცანებს ასრულებდა, მიუხედავად მათი სტატუსისა. პუტინის სიტყვებით, რომელიც კრემლს მოჰყავს, ტროშევსა და ევკუროვთან სწორედ ამ თემებს განიხილავდა. რით დასრულდა განხილვა და რა უთხრეს ტროშევმა და ევკუროვმა პუტინს, ამის შესახებ კრემლი არაფერს იუწყება.

აგვისტოს ბოლოს სხვადასხვა წყაროები იუწყებოდნენ, რომ „ვაგნერის“ მეთაურებმა ტროშევი დაადანაშაულეს ღალატში და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კავშირის მქონე კერძო სამხედრო კომპანია „რედუტში“ გადასვლაში.

ომის არაერთ დანაშაულში მხილებულმა „ვაგნერმა“, რომელიც აქტიურად იყო ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ომში, 23-24 ივნისს „ამბოხება“ მოაწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, „ვაგნერელების“ დიდმა ნაწილმა ბელარუსის ტერიტორიაზე გადაინაცვლა.

23 აგვისტოს რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც, ოფიციალური ინფორმაციით, „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა. მისი სიკვდილი 27 აგვისტოს დაადასტურა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა.

მედია წერს, რომ „ვაგნერელების“ ნაწილი ბელარუსიდან უკრაინის აღმოსავლეთში დაბრუნდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S