რუსეთის კურსკის ოლქს დრონებით შეუტიეს
29/09/2023 05:32:37 მსოფლიო
უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო რუსეთის კურსკის ოლქზე. გუბერნატორ რომან სტაროვოიტის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, „უკრაინულმა უპილოტომ“ ბელოვის რაიონში, ელექტროქვესადგურზე ჩამოაგდო ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა. გუბერნატორის თანახმად, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 5 დასახლებულ პუნქტს და საავადმყოფოს. სხვა შედეგებზე სტაროვოიტი არაფერს ამბობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით კურსკის ოლქში „გაანადგურეს 10 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“. თავდაცვის სამინისტრო შედეგების შესახებ არაფერს იუწყება და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ „აღკვეთა კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევა“.
ბოლო ხანს კურსკის ოლქზე დრონებით შეტევა თითქმის ყოველ დღე ხდება. 26 სექტემბერს, ოლქის გუბერნატორმა სტაროვოიტმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო კორენევის რაიონში მდებარე ელექტროქვესადგურზე და 7 დასახლებული პუნქტი ენერგომომარაგების გარეშე დარჩა.
რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება. უკრაინის ხელისუფლება დრონებით თავდასხმებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.


