Accentnews.ge
HRC თბილისში იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში გამართული აქციების მონიტორინგს შედეგებს აქვეყნებს: გამოიკვეთა პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობის მობილიზების ტენდენცია

HRC თბილისში იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში გამართული აქციების მონიტორინგს შედეგებს აქვეყნებს: გამოიკვეთა პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობის მობილიზების ტენდენცია

28/09/2023 08:54:47 საზოგადოება

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” (HRC) თბილისში 2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში გამართული აქციების მონიტორინგს შედეგებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, მისი მონიტორები დააკვირდნენ 10 საპროტესტო აქციას.

მონიტორების შეფასებით, აქციების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, აქციის მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობის მობილიზების ტენდენცია:

"არის შემთხვევები, როცა აქციის მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით პოლიციელთა რაოდენობა თვალშისაცემად მეტია, ზოგჯერ კი პირიქით - იმდენად ნაკლებია, რომ პოლიცია ვერ ახერხებს საზოგადოებრივი წესრიგის და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას - კერძოდ, მათ დაცვას ძალადობრივი განზრახვის მქონე კონტრდემონსტრანტებისგან.

ამასთან, აქციებზე ფორმიან პოლიციელებთან ერთად წარმოდგენილი იყვნენ პოლიციელები სამსახურებრივი უნიფორმის გარეშე, რომელთა იდენტიფიცირებაც შეუძლებელი იყო".

HRC–ს ცნობით, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები 28 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით აკვირდებოდნენ ბექა გრიგორიადისის მიერ ორგანიზებულ აქციას, პარლამენტის შენობის მიმდებარე სკვერში.

"3 ივნისს, ღამის 1:30 საათისკენ, პოლიციელთა რაოდენობა 3-ჯერ აღემატებოდა აქციაზე მყოფი მონაწილეების რაოდენობას. 29, 30 მაისის და 1 ივნისის აქციებზე, აგრეთვე, პოლიცია არათანაბარი ძალით იყო მობილიზებული. კერძოდ, პოლიციელების რაოდენობა სამჯერ მაინც აღემატებოდა აქციის მონაწილეთა რაოდენობას - აქციაში მონაწილეობდა 15-მდე მონაწილე, ადგილზე კი, დაახლოებით 60-მდე პოლიციის თანამშრომელი იყო მობილიზებული. ამის საპირისპიროდ, გია გაჩეჩილაძის (,,უცნობი“) და ზაზა პაპუაშვილის ორგანიზებულ აქციაზე - ,,მოვდივარ - საქართველო უპირველეს ყოვლისა“, სადაც 11 000-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, დაახლოებით, 100-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული. ორგანიზატორების თქმით, აქციის მიზანი იყო “ქვეყანაში მშვიდობის მხარდაჭერა” და იგი “აპოლიტიკური” უნდა ყოფილიყო; მიუხედავად ამისა, რამდენიმე გამომსვლელმა ანტი-დასავლური მოწოდებები გააჟღერა. ასევე, 31 ივლისს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების აქციაში - ,,რუსეთი მტერია და არა სტუმარი!“ აქციის მონაწილეებთან შედარებით, პოლიცია არაპროპორციული რაოდენობით იყო წარმოდგენილი. საპროტესტო აქციაში, დაახლოებით 350-მდე მოქალაქე მონაწილეობდა, აქციას კი მეთვალყურეობდა - 65-მდე პოლიციის თანამშრომელი, რომლებიც აქციის მიმდინარეობისას განლაგებული იყვნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილას (ქაშუეთის ეკლესიასთან, პარლამენტსა და პირველ გიმნაზიას შორის არსებულ ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის უკან შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩაზე).

აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, სახელმწიფომ სიტუაციის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ეს ცხადია, ეხება აქციაზე პროპორციული რაოდენობით პოლიციელების მობილიზებას. პოლიციელთა არაპროპორციულმა და გადაჭარბებულმა ჩარევამ დაძაბულობის შემცირების ნაცვლად, შესაძლოა, პირიქით – შექმნას კონფრონტაციული სიტუაცია და შესაძლო კონფლიქტის დეესკალაციის ნაცვლად, გამოიწვიოს მისი გამძაფრება",– ნათქვამია HRC–ს კვლევაში.

ანგარიშის ავტორების თქმით, პოლიციელთა არასათანადო რაოდენობის მობილიზებაზე იყო 8 ივლისსაც, როდესაც ძალადობრივმა ჯგუფებმა “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს:

"სხვადასხვა ჯგუფები “კონტრდემონსტრაციას” წინასწარ აანონსებდნენ, თუმცა სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება და პრაიდ ფესტივალის მონაწიელენი ვერ დაიცვა კონტრდემონსტრანტების აგრესიული ქმედებებისგან".

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია რეკომენდაციით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • ეფექტურად უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა;
  • შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველსაყოფად იხელმძღვანელოს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებით;
  • შეკრებისა და მანიფესტაციის ფასილიტაციის პროცესში უზრუნველყოს ფორმიანი და იდენტიფიცირებადი პოლიციელების მონაწილეობა;
  • შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს უზრუნველყოს პოლიციელთა პროპორციული რაოდენობის მობილიზება;
  • უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა დაცვა ძალადობრივი კონტრდემონსტრანტებისგან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S