
"ოკუპაციისა და ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობის ფონზე თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე საუბარი ნაადრევია"
09/12/2019 12:00:37 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპაციისა და ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობის ფონზე თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე საუბარი ნაადრევია.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, არის ისტორიული მომენტები, როდესაც უნდა მოხდეს ასეთი ცენტრების გახსნა.
„ის უნდა ვთქვათ პირველ რიგში, რომ საქართველო ყოველთვის იყო კულტურულად უაღრესად ღია ქვეყანა და შემწყნარებელი, თუნდაც თავის ყველაზე მძიმე პერიოდში სხვადასხვა შემოტევების დროს. ასე რომ ეს არის ის ქართული ტრადიცია, რომელიც არსებობს და რომელიც არ უნდა დავივიწყოთ. არის ისტორიული მომენტები, დრო, როცა უნდა იყოს ასეთი შემწყნარებლობა და ასეთი ცენტრების გახსნა და იმედი მაქვს, ასეთი დრო მალე მოვა. მაგრამ ჯერ არის ოკუპაცია, ჯერ არის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი და მე მგონი, ყველაფერს აქვს თავისი დრო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, მან ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას მიმართა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე სპეციალური განცხადება მიიღონ.
„მივმართე ამ ასამბლეას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე სპეციალური განცხადება მიიღონ. დღეს სწორედ ერთი თვე შესრულდა მისი დაპატიმრებიდან. აუცილებელია, რომ ყველას ძალისხმევა იყოს გაერთიანებული მის გასათავისუფლებად“ ,-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიური სესიის – „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ მასპინძლობს.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთი თვეა, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.