ლიეტუვამ უკრაინის საზღვაო ძალებს სარადარო აღჭურვილობა გადასცა
27/09/2023 10:47:53 პოლიტიკა
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის საზღვაო ძალებს სარადარო აღჭურვილობის კომპლექტები გადასცა.
„ამ სარადარო აღჭურვილობას უდიდესი მნიშვნელობა ექნება როგორც უკრაინის ტერიტორიული წყლების დასაცავად, ასევე მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა.
სარადარო დანადგარები შექმნილია საზღვაო მეთვალყურეობისთვის. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღჭურვილობა უკრაინის საზღვაო ძალების საჭიროებებისა და მოთხოვნების საფუძველზე გაგზავნეს. მოცულობა და ღირებულება მითითებული არ არის.
ცნობისთვის: სამხედრო ტექნიკის რეგულარული მიწოდების გარდა, ლიეტუვა ამზადებს უკრაინელ სამხედროებს, მკურნალობს და რეაბილიტაციაში ეხმარება დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს, ამზადებს ექსპერტთა კონსულტაციებს და გამოყოფს სახსრებს საერთაშორისო ფონდებში უკრაინის მხარდასაჭერად.


