27-09-2023 11:14:17 კავკასია
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა აზერბაიჯან–თურქეთის შეუფერხებელი სახმელეთო კავშირის პერსპექტივაზე ისაუბრა.
როგორც მან აზერბაიჯანის ექსკლავ ნახჭევანში ილჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ თურქეთში განაცხადა, ამ კავშირს ოფიციალური ანკარისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
ამასთან, მისი თქმით, ერთობლივი პროექტებით ირანიც არის დაინტერესებული.
"თურქეთი არ არიდებს თავს საკუთარ პასუხისმგებლობას რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის კუთხით. არც ამიერიდან მოარიდებს. ღმერთმა ქნას, რაც შეიძლება მალე განვახორციელოთ ზანგეზურის დერეფნის ფუნქციონირება და ამით ჩვენი სახმელეთო–სარკინიგზო კავშირი მოძმე აზერბაიჯანთან შეუფერხებელი გავხადოთ. ერთობლივი პროექტებით, რომლებშიც ჩვენი მეზობელი ირანი პარტნიორი იქნება, გვინდა, რეგიონი ვაქციოთ მშვიდობისა და კეთლდღეობის ზონად",– თქვა ერდოღანმა.
ნახჭევანი აზერბაიჯანის ექსკლავია, რომელთანაც ამ უკანასკნელს სომხური რეგიონი სიუნიქი აშორებს. სომხეთი ამ დრომდე არ დათანხმებულა დერეფნის გახსნას. როგორც დაანონსდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები 5 ოქტომბერს გამართავენ შეხვედრას ესპანეთში. სავარაუდოდ, სხვა საკითხებთან ერთად, ეს თემაც იქნება მოლაპარაკების საგანი.