ვაშაძე: ქართულ–ევროპული პასპორტია გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისკენ

27-09-2023 10:45:39 პოლიტიკა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თვლის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გზა "ქართულ–ევროპული პასპორტია", ვინაიდან მეორე ალტერნატივა – "რუსული პასპორტი" საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას მხოლოდ განადგურებას ჰპირდება. ამის შესახებ ვაშაძემ ისაუბრა გმიმართა მემორიალთან, სადაც პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 30 წლის წინ დაღუპულ გმირებს.

"ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად სულ უფრო ახლოვდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი. წარმოიდგინეთ სოხუმში და ცხინვალში მცხოვრები ადამიანებისთვის ორი ალტერნატივა: რუსული პასპორტი, რომელიც სიკვდილთან და განადგურებასთან ასოცირდება და მეორეს მხრივ – ქართულ–ევროპული პასპორტი, რომელიც განვითარებასთან, პერსპექტივასთან ასოცირდება. აი, სწორედ ეს არის გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისკენ. ამიტომ გვინდა ჩვენ ევროკავშირის წევრობა რაც შეიძლება სწრაფად. თუ ამას შევლებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამას გავაკეთებთ, მაშინ ამ გმირების სულები იქნება უკვდავყოფილი",– თქვა გიორგი ვაშაძემ.

სოხუმის დაცემიდან დღეს 30 წელი გავიდა. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს მთავრობის, პარლამენტის და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი პირი კი დევნილად იქცა.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.

სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა, რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შეთანხმებები დაარღვიეს.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა და ამ დრომდე ახორციელებს ეფექტურ კონტროლს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები