
ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა
26/09/2023 10:57:27 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმაც დატოვა.
„როცა არსებობს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება“ - დაწერა მან Facebook-ში პირად გვერდზე.
მანამდე თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება სებ-ის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა და ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა მიიღეს.
19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა. გარდა ამისა, მრჩევლის პოზიცია დატოვა გიორგი ბაქრაძემ.
14 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი. ამავე ტერმინის იყენებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავის განცხადებაში. „სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც „ეფ-ეს-ბე"-მ გამოიყენა, რათა ზემოქმედება მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.