ყარაბაღიდან სომხეთში 13 500-ზე მეტი ადამიანი შევიდა
26/09/2023 07:24:04 მსოფლიო
ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთის ტერიტორიაზე უკვე 13 500-ზე მეტი ადამიანი შევიდა, - ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს.
„26 სექტემბერს 8:00 საათის მდგომარეობით, სომხეთის რესპუბლიკაში მთიანი ყარაბაღიდან 13 550 იძულებით გადაადგილებული პირი შემოვიდა“, - ნათქვამია სომხეთის მთავრობის განცხადებაში.
მისი ცნობით, მთავრობა ყველა მოქალაქეს, ვისაც წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი არ აქვს, შესაბამისი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
22 სექტემბერს სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ "მზად არიან, ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა მისაღებად, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისინი თავის სახლებში დარჩნენ და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ". სომხური მხარის თანახმად, რეგიონის მოსახლეობა 120 ათასამდეა.
ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა.


