ყარაბაღში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები
26/09/2023 05:38:56 მსოფლიო
"ყარაბაღში, ქალაქ ხანქენდის (სტეფანაკერტი) მახლობლად მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა", - იუწყება აზერბაიჯანული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. სომხური მხარე აცხადებს, რომ დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, დაშავებულების დახმარების მიზნით, სამედიცინო აღჭურვილობა გაგზავნა.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად დაშავებულების საჰაერო და სახმელეთო გზით, ღამით ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო უამინდობის გამო.
დაღუპულთა რაოდენობა და აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მოსახლეობა ავტომობილებისთვის საწვავის მისაღებად რიგში იდგა. ეთნიკურმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს მას შემდეგ, რაც 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. სომხეთის მთავრობის მონაცემებით, 25 სექტემბრის საღამოს მდგომარეობით ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულია 5580 პირი.


