
აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს 2024 წლის 2 იანვრამდე არ გახსნის
25/09/2023 09:11:15 კავკასია
აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინი – ამჯერად 2024 წლის 2 იანვრამდე. შესაბამისი გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.
ქვეყნის სახმელეთო საზღვრები დაკეტილია 2020 წლის გაზაფხულიდან. ბაქო აცხადებს, რომ შეინარჩუნებს კარანტინის რეჟიმს, რომელიც შემოღებულ იქნა კოროვირუსული პანდემიის გამო, „სანამ საჭირო იქნება“.
ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო გზით. ამავდროულად, უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ რესპუბლიკის დატოვება სახმელეთო გზით.
აგვისტოში საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს სახმელეთო საზღვრების გახსნის თხოვნით მიმართეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეს პრობლემა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის კონტექსტშიც ახსენა. ზურაბიშვილის პრეტენზიები მიმართული იყო საქართველოს ხელისუფლებისადმი. პრეზიდენტის თქმით, თუ მმართველი პარტია – „ქართული ოცნება“ ასე ზრუნავს რუსეთში მცხოვრები ქართველების გადაადგილების შესაძლებლობაზე, დაე, იფიქროს აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებზეც, რომლებსაც „დიდი გზა უნდა გაიარონ ბაქომდე და იქიდან გადმოფრინდნენ საქართველოში, რაც უმრავლესობის შესაძლებლობებს აღემატება.“
შეგახსენებთ, რომ 5 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემიის გამო გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის მოხსნილად გამოაცხადა.