კოსოვოს ჩრდილოეთში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
25/09/2023 08:56:22 მსოფლიო
კოსოვოს ჩრდილოეთში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ოცდაათამდე შეიარაღებული და ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა ეთნიკურად სერბებით დასახლებულ სოფელ ბანსკაში კვირას დილით და ადგილობრივ მონასტერში გამაგრდნენ.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სპეცრაზმი იყო მობილიზებული. მათთან ბრძოლაში შევიდნენ მონასტერში გამაგრებულები. შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, სამი თავდამსხმელი დაიღუპა. ასევე დაიღუპა ერთი პოლიციელი, ორი კი დაიჭა.
კვირას საღამოს, ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯელალ სვეჩლიამ განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა მოახერხეს შეიარაღებული პირების მიერ ბლოკირებულ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება. თუმცა, ოფიციალურად ჯერ არ არის ცნობილი, დაკავებულია თუ არა ყველა თავდამსხმელი.
კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ ინციდენტს "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა, რომელიც, მისი თქმით, სერბეთის მთავრობის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული. მან "პროფესიონალი სამხედროები" უწოდა თავდამსხმელებს.
თავის მხრივ, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. მისი თქმით, კოსოვოს ჩრდილოეთით სამი სერბი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა და მომხდარში კოსოვოს ხელისუფლება დაადანაშაულა.


