
"ვიმედოვნებთ, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრას გარკვეული პროგრესი ექნება"
08/12/2019 14:22:29 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის განცხადებით, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ სააარჩევნო სისტემის თაობაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა დღევანდელ შეხვედრას გარკვეული პროგრესი ექნება.
"მმართველი და ოპოზიციური ძალები განაგრძობენ დისკუსიებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. აშშ მოხარულია, რომ ასრულებს მხარდამჭერ როლს და ვიმედოვნებთ, რომ ამ შეხვედრას გარკვეული პროგრესი ექნება“, - განაცხადა რუდმა.
სასტუმრო „შერატონში“ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მეორე შეხვედრა იმართება, რომელშიც უცხოელი დიპლომატებიც მონაწილეობენ.
განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს, რაზეც ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
"ჩვენ ვთამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ანგარიშს ვუწევთ მათ პოზიციას, მათი ინიციატივა იყო მეორე შეხვედრის ჩატარება და მოვედით ამ შეხვედრაზე. ველოდებით ოპოზიციის შეთავაზებას, მათ წინადადებას, ვნახოთ რას წარმოგვიდგენენ დღეს და ამის მიხედვით გაგრძელდება საუბარი. ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ცხადი. ეს მოდელი არ შეესაბამება მოქმედ კონსტიტუციას. [...] ჩვენი პოზიცია არის მარტივი, კრიზისში არის ოპოზიცია. შესაბამისად, ოპოზიციის საქმეა წინადადების წარმოდგენა და დაველოდებით მათ წინადადებას", - განუცხადა ჟურნალისტებს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დაწყებამდე.
ოპოზიციის ლიდერების თქმით, ისინი პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, სანამ მმართველი გუნდი დათმობაზე არ წავა.
"გარეთ პროტესტი გაგრძელდება და შიგნით წნეხი მოლაპარაკებებზე, საერთაშორისო იზოლაცია ივანიშილის და მისი გუნდის მანამ, სანამ გონს არ მოეგებიან და არ წაიღებენ უკან იმ შეურაცხყოფას, რაც მიაყენეს საზოგადოებას, როცა გადააგდეს ყველა. თუ არ მოეგებიან გონს, დაამთავრებენ ცუდად", – განაცხდა "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა 30 ნოემბერს შედგა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.