ზელენსკი: გავათავისუფლებთ ბახმუტსა და კიდევ ორ ქალაქს
22/09/2023 12:39:51 მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უკრაინა ბახმუტისა და კიდევ ორი ქალაქის დეოკუპაციას აპირებს.
კონკრეტულად რომელ ქალაქებზეა საუბარი, მას არ დაუკონკრეტებია: „არ გეტყვით, კონკრეტულად რომელ ქალაქებს, ბოდიში. გეგმა გვაქვს. ძალიან, ძალიან კომპლექსური გეგმა“.
როგორც „უკრაინსკა პრავდა“ წერს, ზელენსკის განცხადებას წინ უძღოდა სხვა უკრაინელი ოფიციალური პირების მიერ მოწოდებული ცნობები ბახმუტის მიმართულების შესახებ – 18 სექტემბერს ქვეითი ჯარის სარდალმა ალექსანდრე სირსკიმ თქვა, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე გაანადგურეს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული ნაწილები. უკრაინის აღმოსავლეთის საჯარისო ჯგუფის პრესსამსახურში კი აღნიშნეს, რომ გზა ბახმუტი-ჰორლოვკა უკრაინელების ცეცხლის ქვეშ ექცევა, რის გამოც რუსული ძალების მომარაგება დიდად გართულებულია.
22 სექტემბერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი იუწყება, რომ უკრაინელებმა რუსული თავდაცვის მესამე – ბოლო ხაზი გაარღვიეს სამხრეთით – ზაპოროჟიეში.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ იცის, სად გაარღვევენ უკრაინელები რუსულ თავდაცვას, თუმცა წინასწარ საუბარი მიზანშეწონილად არ ჩათვალა.


