
პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
22/09/2023 09:43:38 საზოგადოება
პარლამენტთან, სადაც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს უნდა მოუსმინონ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
"დააკავეთ რუსეთის აგენტი" - ამ სახელწოდებით ბანერი აქვთ გაშლილი სამოქალაქო აქტივისტებს საკანონმდებლო ორგანოსთან.
გარდა ამისა, აქტივისტებს ჩართული აქვთ ხმოვანი სიგნალი გზავნილით: „რუსეთის აგენტებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საერთაშორისო სანქციები“.
პარლამენტთან გაშლილია სტენდი, რომელზეც გამოფენილია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის, დასანქცირებული მოსამართლეების - ირაკლი შენგელიასა და ლევან მურუსიძის, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას და ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ფოტოები.
მთლიან პერიმეტრზე სამართალდამცველები არიან განლაგებული.
აქციის ორგანიზატორები პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები არიან.
დემონსტრანტების განცხადებით, "ქართული ოცნების" პოლიტიკური კურსი არ ემთხვევა ქართული საზოგადოების ხედვებს. ისინი გომელაურს ქვეყანაში რუსული პოლიტიკის ერთ-ერთ გამტარად მიიჩნევენ.